სამოქალაქო ფორუმი
“ოჯახური ძალადობის პრევენცია – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” – ამ თემაზე გაიმართა ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი მეწარმე ქალთა ფონდისა და ფონდი “სოხუმის” ინიციატივით. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სამთავრობო სტრუქტურის, მასმედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იურისტები, ფსიქოლოგები და მეწარმე ქალები. მეწარმე ქალთა ფონდის ბენეფიციარებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია, შორის საკონდიტრო და საოჯახო მეურნეობის ნაწარმი შეკერილი ტანსაცმელი. ფორუმის მონაწილეების მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმო ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებს და მათი გადაჭრის გზების ძიებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალადობის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი გამაპირობებელი ფაქტორი საზოგადოებაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ პრობლემის დაძლევის გზად კი მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნა მიჩნეული. მეწარმე ქალებმა თავიანთი ნამუშევრით წარმოადგინეს იმ პრობლემათა გადაწყვეტის გზები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ ზრდას. ჯგუფური მუშაობების საფუძველზე ჩამოყალიბდა სტრატეგიული მიმართულებები და დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმა.
თარიღი :09.03.11
EED-ს წარმომადგენლების ვიზიტი
ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით, მეწარმე ქალთა ფონდს ესტუმრნენ დონორი ორგანიზაცია EED-ს წარმომადგენლები: ილონკა ბოლტზე (პროგრამების ოფიცერი ბალკანეთის და კავკასიის ქვეყნებში), მაიკლ კრონენბერგი (უფროსი მენეჯერი ფინანსურ საკითხებში), ლევან აბაშიძე (კონსულტანტი საქართველოში).
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ფონდის საქმიანობის და სამომავლო გეგმების გაცნობა, სამუშაო ადგილების მონიტორინგი.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა შეაფასეს მუშაობა და სასარგებლო რეკომენდაციები მისცეს ფონდის თანამშრომლებს.
თარიღი :28.03.11
მრგვალი მაგიდა სოციალური მეწარმეობის თემაზე
31 აგვისტოს, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ჩატარებული მრგვალი მაგიდის თემა იყო „სოციალური მეწარმეობა – ახალი გამოწვევები და პერსპექტივები”. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ფონდის თანამშრომლები და ბენეფიციარები, ასევე ფონდი “სოხუმის” თვმჯდომარე ალლა გამახარია და შვედეთის საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია KVINNA TILL KVINNA-ს წარმომადგენელი მარი ვირდე.
სტუმრებმა ისაუბრეს სოციალური მეწარმეობის, როგორც ბიზნესში ახალი მიმართულების არსზე, თემის მობილიზაციისა და დაფინანსების წყაროს მოძიების საკითხებზე.
შვედმა სტუმარმა ისაუბრა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე და განაცხადა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი სათანადო მექანიზმების ამოქმედება.
თარიღი :01.09.11
ჟურნალი “ქალი და ბიზნესი” – მე-7 ნომერი
გამოვიდა ჟურნალ “ქალი და ბიზნესის” მორიგი მე-7 ნომერი, რომელიც განახლებული დიზაინითა და ფორმატით გამოიცა. მკითხველი ინფორმაციას მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობის შესახებ თემატური რუბრიკებით გაეცნობა.
რუბრიკაში ”სხვადასხვა” ორგანიზაციის მიერ მთელი რიგი მიმართულებით გაწეული ბოლო სამთვიანი მუშაობაა ასახული. “პერსპექტივებში” საუბარია მეწარმე ქალთა ფონდის სამწლიანი საქმინობის შესწავლა-შეფასების პროცესსა და შედეგებზე, რომელიც საერთაშორისო და ქართველი დამკვირვებლების მიერ განხორციელდა.
რუბრიკები “ჩვენ ვასწავლით” და “სიახლე” მოგვითხრობს ფონდის მიერ საგანმანათლებლო მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. “წარმატებულნი” და “გამარჯვებულები” კი იმ ქალბატონებს წარმოაჩენს, რომელთა ბიზნესსაქმიანობა მეწარმე ქალთა ფონდის ხელშეწყობით წარიმართა და განვითარდა.
თარიღი : 30.09.11
„ქალი და ბიზნესი“ მორიგი გამოცემა
გამოვიდა მეწარმე ქალთა ფონდის მორიგი (№ 5) ჟურნალი. მკითხველი მასში საინტერესო მასალებს იპოვის მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობაზე. ვრცელი მასალები ეთმობა ორგანიზაციის ჩართულობას ქალთა ძალადობის მიმართ მიმართულ 16 დღიან მსოფლიო საინფორმაციო კამპანიაში.
მკითხველი გაიგებს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში მოეწყო პირდაპირი ტელეგადაცემა, შეიქმნა ორი სამუშაო ადგილი, ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მთელი წლის მუშაობა იქნა შეჯამებული.
ტრადიციულად ჟურნალის გვერდები ეთმობა წარმატებულ ქალებს, რომლებიც საკუთარ სამომავლო გეგმებს გვაცნობენ.
თარიღი :01.02.11
ტელეგადაცემა – “ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის სტიმულირება”
9 ივნისს, ტელეკომპანია “მეგა-TV”-ის ეთერში, მეწარმე ქალთა ფონდმა მოაწყო ტელედისკუსია თემაზე “ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის სტიმულირება”.
ამ თემის ირგვლივ გამართულ საინტერესო მსჯელობაში ფონდის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, წარმატებული მეწამრე ქალები და ბიზნეს-ტრენინგის მონაწილეები.
გადაცემაზე ეტაპობრივად იქნა მიმოხილული ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა. გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ადამიანის ბიზნესმენად ჩამოყალიბებას განსაზღვრავს მისი პიროვნული თვისებები.
საგადასახადო კოდექსში განხორციელებულმა ცვილებებმა ცხადყო, რომ საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას და რაც უფრო ლიბერალურია სახელმწიფო პოლიტიკა, მით უფრო გულახდილი უნდა იყოს მეწარმე.
თარიღი : 29.06.11
ტრენინგი კოპიტნარში სოციალურ მეწარმეობაზე
კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი სოციალურ მეწარმეობაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ქალმა.
თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური მეწარმეობის ფორმის გამოყენება საწარმოს წარმატებული განვითარებისთვის, მეწარმეობის სქემის დაგეგვა: მისია, ხედვა და სტრატეგია, SWOT ანალიზი, მარკეტინგი, საწყისი ბიუჯეტი და შემოსავლების პროგნოზირება.
მუშაობის პროცესში მოხდა წარმატების მიღწევისათვის გადამწყვეტი ფაქტორების განხილვა, სწორი დაგეგმვა და პროექტის შედგენა.
იმუშავა ოთხმა ჯგუფმა და გაკეთდა ერთი მიმართულებით ოთხი პროექტი. ტრენინგის მონაწილეების იდეა უკავშირდებოდა ხაჭოსა და არაჟნის მინი სოციალური საწარმოს გახსნას კოპიტნარის დასახლებაში.
თარიღი :25.06.11
ტრენინგი დაგეგმარების, მონიტორინგის და შეფასების საკითხებზე
მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივით ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: “ცვლილებაზე და ზეგავლენაზე ორიენტირებული დაგეგმარება, მონიტორინგი და შეფასება. გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი და მწვრთნელი – ანდრეა ქუიროზ დე სოუზა.
გამოცდილმა ფასილიტატორმა, მეწარმე ქალთა ფონდის და ფონდი “სოხუმის” თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა პროექტის ლოგიკური ჩარჩოს შემუშავება, მიზნების და ინდიკატორების სწორად განსაზღვრა, მონიტორინგის და შეფასების მექანიზმების მიზანმიმართული გამოყენება.
მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაცნობოდნენ დონორი ორგანიზაცია EED-ს ახალ მოთხოვნებს, რომლებშიც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცვლილებაზე და ზეგავლენაზე ორიენტირებულ მუშაობას პარტნიორების მხრიდან.
თარიღი :10.10.11
სამწლიანი მუშაობის შეფასება
20 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, მეწარმე ქალთა ფონდის სამწლიანი მუშაობა EED-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეაფასეს სართაშორისო და ადგილობრივმა შემფასებლებმა – რალფ ლანგემ (გერმანია) და ნინო თვალთვაძემ (საქართველო). ვინაიდან პროექტის 2011 წლის ბოლოს სრულდება, შეფასების შედეგები და რეკომენდაციები ერთგვარი გზამკვლევი იქნება ახალი საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში და სამომავლო საქმიანობის განსაზღვრაში.
შეფასების მიზანი
შეფასების მიზანი იყო 2009-2011 წლის პროექტის შესწავლა შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა ეფექტურობა, ზეგავლენა, ეკონომიკური ეფექტი და მდგრადობა. ასევე შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ობიექტური რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტის ეფექტურობისა და ზეგავლენის შესწავლის მიზნით შემოთავაზებული იყო ზეგავლენის მონაწილეობითი შეფასების მეთოდის გამოყენება, რომელსაც ეწოდება MAPP და იყენებს ინტერაქტიულ მეთოდებს როგორიცაა ბენეფიციარების ცხოვრების კრიტერიუმებისა და ტენდენციის ანალიზი და ზეგავლენის მატრიცის განსაზღვრა.
შეფასების პროცესი
შეფასების მეთოდოლოგია გულისხმობდა ისეთ საქმიანობებს როგორიცაა:
- რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ;
- გასაუბრება/ინტერვიუები ფონდის თანამშრომლებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან;
- გასაუბრება 2009-2011 წლის პროექტის ფარგლებში შექმილი სამუშაო ადგილების მფლობელებთან: ქუთაისი, ხონი, ფოთი
- პროექტის ზეგავლების შესწავლის მიზნით ოთხი სესიის ჩატარება ფონდის ბენეფიციარებთან.
*სესია 1 – ქუთაისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 2006-2008 წლების პროექტის ფარგლებში შექმნილი მცირე ბიზნესი მფლობელმა ქალებმა;
*სესია 2 – ფოთში შერეულ ჯგუფთან (ბიზნეს-გეგმის კონკურის გამარჯვენულები და ისინი ვინც ვერ დაიწყეს ბიზნესი ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ)
*სესია 3 – ქუთაისში მათი მონაწილეობით ვინც ვერ დაიწყო ბიზნესი ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ
*სესია 4 – ხონში მათი მონაწილეობით ვინც ვერ დაიწყო ბიზნესი ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ
- ორი ფოკუს ჯგუფი პროფესიული კურსების მსმენელებთან ქუთაისში
- საბოლოო ვორკშოპი ფონდის თანამშრომლებისთვის შეფასების წინასწარი შედეგების და რეკომენდაციების გასახილველად
შეფასების პერიოდის ბოლო დღეს, 1 ივლისს, შემფასებლებმა წარმოადგინეს ერთობლივად შემუშავებული წინასწარი რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით: პროექტის საერთო რელევანტურობა; მიგნებები და რეკომენდაციები ფონდის საქმიანობის მიმართულებებისთვის – ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული კურსები და საზოგადოებასთან ურთიერთობა; ქმედითობა (ხარჯვითი ქმედითობა, დაგეგმარება, მონიტორინგი და შეფასება); საერთო ზეგავლენა; მდგრადობა.
აღსანიშნავია, რომ შეფასების საბოლოო ანგარიში მზადების პროცესშია და მისი წარმოდგენის შემდეგ მეწარმე ქალთა ფონდი მზად არის ბენეფიციარებს გააცნოს მიღებული რეკომენდაციები იმ მიზნით, რომ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებისთვის ერთობლივად დაიგეგმოს მნიშვნელოვანი მიმართულებები.
თარიღი :09.07.11
ტრენინგზე – ორგანიზაციული განვითარების მიზნით
მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელმა დიანა ყურაშვილმა მონაწილეობა მიიღო ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ოთხდღიან ტრენინგში: „მრავალფეროვნების მართვა”.
თემატიკა იყო ძალიან საინტერესო და ეხებოდა მართვის მრავალფეროვნებას, პრობლემური საკითხების სწორად გადაჭრის გზებს, თუ როგორ უნდა გავხადოთ მრავალფეროვნება ძირითად რესურსად. ყოველი განხილული საკითხის ბოლოს ტარდებოდა ჯგუფური მუშაობა, რაც კიდევ უფრო პროდუქტიულს ხდიდა მუშაობას.
თარიღი : 31.03.11
ვორკშოპი EED-ს პარტნიორებისთვის
მეწარმე ქალთა ფონდმა მონაწილეობა მიიღო 21-25 მარტს, დონორი ორგანიზაცია EED-ს მიერ პარტნიორებისთვის ორგანიზებულ სემინარზე – „შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმარება, მონიტორინგი და შეფასება.”
სემინარის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოდან და სომხეთიდან, საფუძვლიანი ცოდნა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შედეგებზე დამყარებული მართვა, შედეგების ჯაჭვი და მისი კავშირი ლოგიკურ მატრიცასთას, EED-ს მოთხოვნები და ანგარიშის წარმოდგენის ახალი ფორმატი, საბაზისო ინფორმაცია და ინდიკატორების განსაზღვრა.
მსგავსი სემინარის ჩატარება იგეგმება ფონდის ყველა თანამშრომლისთვის იმ მიზნით, რომ მოხდეს მიღებული ცოდნის გაზიარება.
თარიღი : 25.03.11
დასრულდა პილოტური პროგრამა სკოლა „ადმინისტრაციული საქმისწარმოება და საქმიანი ეთიკეტის ნორმები“
სკოლის „ადმინისტრაციული საქმისწარმოება და საქმიანი ეთიკეტის ნორმები” უმთავრესი მიზანი იყო საშუალო ასაკის ქალების მიერ კვალიფიკაციის და ცოდნის ამაღლება, მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
ოთხთვიანი პროგრამა (აპრილი-ივლისი) ითვალისწინებდა მსმენელთა იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია მათი კარიერის დაგეგმვისა და განვითარებისათვის. პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას. ინტერესების, ფასეულობების სწორად დადგენას. პრიორიტეტების განსაზღვრას. მიღებული ცოდნის შედეგად თვითშეფასების ამაღლებას.
სკოლა გაიარა რვა ქალბატონმა, ყველა იყო უმუშევარი საშუალო ასაკის ქალი უმაღლესი განათლებით. ისინი დაეუფლნენ კომპიუტერის, ინგლისურის, საბუღალტრო საქმის და საქმისწარმოების ტექნიკას.
თარიღი :30.08.11
ბიზნეს ტრენინგი ფოთსა და წყალტუბოში
სექტემბერში, ორი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: “მცირე ბიზნესის საფუძვლები” ფოთსა და წყალტუბოში.
მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი ქალები, რომლებიც თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ ტრენინგის მსვლელობაში.მათ მიეცათ საშუალება გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები და მიღებული ცოდნა სემინარის ბოლოს წარმოდგენილ სამაგალითო პროექტებში, რომლებშიც შეეცადნენ გამოეხატათ სტრატეგია დასახული მიზნის მისაღწევად.
მონაწილეებმა გააცნობიერეს, რომ არსებული რესურსების მიზნობრივი გამოყენება დიდი როლს თამაშობს მცირე ბიზნესის წარმატებულად განხორციელებაში.
თარიღი :30.09.11
ბიზნეს-ტრენინგი ქუთაისში აფხაზი ქალების მონაწილეობით
23-26 აგვისტოს, ჩატარდა მორიგი ტრენინგი მცირე ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 ქალმა, მათ შორის ორი აფხაზი ქალი (ტყვარჩელიდან და აგუბედიიდან).
მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია თემატიკამ მცირე ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით: ბიზნეს-გეგმის შედგენის მეთოდიკა, სტრუქტურა და მათი შინაარსის განხილვა, პროექტის განხორციელების ორგანიზაციული გეგმა, ფულის მიმოქცევის უწყისი, ხარჯთაღრიცხვის უწყისი, სამაგალითო ბიზნეს-გეგმაზე მუშაობა, მსმენელთა ბიზნეს იდეების განხილვა.
საპრეზენტაციოდ წარმოდგენილ იქნა სამაგალითო ბიზნეს გეგმები ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ქონდათ, სამი დღის განმავლობაში მიეღოთ კონსულტაცია ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შედეგად, თხუთმეტი მსმენელიდან საკონკურსოდ პროექტების წარმოსადგენად ემზადება ათი მონაწილე.
თარიღი :31.08.11
ბიზნეს-ტრენინგი ზესტაფონში
19-22 ივლისს,ზესტაფონში – კვალითის დასახლებაში, მეწარმე ქალთა ფონდმა მორიგი ტრენინგი ჩაატარა მცირე ბიზნესის საფუძვლებში. ტრენინგის 15 მონაწილე ქალი გაეცნო სამეწარმე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამომწურავად იქნა განხილული მარკეტინგი და ბაზრის კვლევის სტრატეგია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი და სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები, ბიზნეს-გეგმის შემუშავების პრინციპები.ბიზნეს-პროექტებზე ჯგუფური მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მონაწილეების დაინტერესება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მომსახურების და ვაჭრობის სფერო, საოჯახო მეურნეობა (მეფუტკრეობა).
თარიღი :22.07.11
ბიზნეს-ტრენინგი ქუთაისში
17-20 მაისს მცირე ბიზნესის საფუძვლების თემაზე ჩატარებული ტრენინგი განსხვავებული იყო იმ კუთხით, რომ ინტეგრირებული ჯგუფი აერთიანებდა დევნილ და ადგილობრივ ახალგაზრდებს.
მონაწილეები თავიდანვე ინტერესით მიუდგნენ პროგრამით გათვალისწინებული თითოეული საკითხის შესწავლას და აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც დისკუსიებში, ასევე პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.
ტრენინგის ბოლო დღეს, ჯგუფური მუშაობისას, დამოუკიდებლად იმუშავეს სამაგალითო ბიზნეს-გეგმებზე. მათ მიერ წარმოდგენილი იდეები, ძირითადად ეხებოდა მომსახურების სფეროს.
ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, კომისიას წარუდგინოს საკონკურსო პროექტი და გამარჯვების შემთხვევაში შექმნას სამუშაო ადგილი.
თარიღი :23.05.11
მორიგი ბიზნეს ტრენინგი ქუთაისში
მეწარმე ქალთა ფონდმა მორიგი ტრენინგი ჩაატარა ქუთაისში 15 დევნილი და ადგილობრივი ქალის მონაწილეობით. თემატიკა უცვლელი რჩება: ქალთა ლიდერობი პრინციპები, სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ბიზნეს-გეგმის შემუშავების პრინციპები, მარკეტინგი და ბაზრის კვლევის სტრატეგია.
ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ასაკის ქალები და მათ შორის ახალგაზრდები, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების დროს.
ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს მრავალი საინტერესო იდეა დაებადათ. ისინი აპირებენ ბიზნეს-პროექტების საკონკურსო კომისიისთვის წარდგენას.
თარიღი :25.02.11